საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მაგისტრალის ნახევარზე მეტი უკვე აშენებულია, წელს სამუშაოები გზის 118 კმ-ზე მიმდინარეობდა და „საუკუნის პროექტი“ 2024 წელს დასრულდება.
„აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მაგისტრალის ნახევარზე მეტი უკვე აშენებულია. 2022 წელს სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 118 კილომეტრზე, მათ შორის რიკოთის მონაკვეთზე, წლის ბოლომდე საფარი მოეწყობა 40 კილომეტრზე, 15 კილომეტრი უკვე გახსნილია მოგეხსენებათ.
ჩვენ ამ ისტორიულ პროექტს, საუკუნის პროექტი შეიძლება ვუწოდოთ, დავასრულებთ და გავხსნით 2024 წელს, მთელი ეს მაგისტრალი დასრულდება და სულ რაღაც სამ საათ ნახევარში, ოთხ საათში მაქსიმუმ ჩახვალთ თბილისიდან ბათუმში“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისიც თქვა, რომ აქტიურად მიმდინარეობს კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ის 2024 წელს გაიხსნება.
„აქტიურად მიმდინარეობს კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, მოგეხსენებათ ჩვენ წელს დავიწყეთ აღნიშნული პროექტის განხორციელება და 2024 წელს დასრულდება კახეთის ავტობანი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა შეაჯამა, რომ წელს 2000 კმ-დე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა და 2012 წლიდან დღემდე 13 500 კმ-ზე მეტი გზა იქნა რეაბილიტირებული, შეკეთებული და დაგებული. ასევე, ქვეყანაში აშენებულია 234 კმ მაგისტრალური გზა. აქედან 2012 წლიდან დღემდე - 166 კმ, - განაცხადა პრემიერმა.