წინასწარი განაცხადისა და საბაჟოზე ჯავშნის გარეშე რუსები ქვეყანას ვეღარ დატოვებენ.
რუსები საბაჟოზე წინასწარი განაცხადისა და ჯავშნის გარეშე ქვეყანას ვეღარ დატოვებენ. რუსეთის მოქალაქეებმა, ვისაც ქვეყნის დატოვება უნდათ, სახელმწიფო საზღვრის მანქანით გადაკვეთის თარიღი და დრო წინასწარ უნდა დაჯავშნონ. აღნიშნული ცვლილება „რუსეთში საავტომობილო გზებისა და საგზაო საქმიანობის შესახებ“ კანონში შევიდა, რომელიც სახელმწიფო დუმას სატრანსპორტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ევგენი მოსკვიჩოვმა წარადგინა.
საზღვრის გადაკვეთის ახალი პროცედურა გავრცელდება როგორც რუსების საკუთრებაში არსებულ მანქანებზე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მანქანებზე. ის ასევე იმოქმედებს როგორც გადამზიდავებზე, ასევე კერძო ავტომობილებზე.
კანონის ძალაში შესვლამდე, მთავრობას მოუწევს განსაზღვროს დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროა ქვეყნიდან გასვლის დასაჯავშნად, საზღვრის გადასაკვეთად და სხვა. ვარაუდობენ, რომ საზღვრის გადაკვეთის თარიღისა და დროის დაჯავშნა ელექტრონულადაც იქნება შესაძლებელი.
2022 წლის 21 სექტემბერს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათმა უმრავლესობამ ქვეყნის სახმელეთო საზღვრები ფინეთთან, საქართველოსთან, ყაზახეთთან და მონღოლეთთან გადაკვეთა. ყველაზე დიდი საცობები შეიქმნა საქართველოსა და ყაზახეთის საგუშაგოებზე, სადაც ასი ათასობის რუსი მიიღეს.