მე ჩავთვლი, რომ ოპოზიციამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, თუ ის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ეს იქნება ბუნებრივი ისტორიული პროცესი, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებიც 30 წელი სხვადასხვა ფორმით ხელისუფლებაში და ოპოზიცაში იყვნენ, უბრალოდ გადაეწერნენ პოლიტიკურ ისტორიაში.
„მათ თავისი ფუნქცია და როლი სრულად ამოწურეს და დატოვეს ქართული პოლიტიკური ველი“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ
რაც შეეხება კითხვას, თუ ყალბდება არჩევნები ქვეყანაში მაშინ, რა აზრი აქვს არსებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას, ხათუნა ლაგაზიძის თქმით, „ეს არის კაპიტულანტური მიდგომა“.
„მაშინ მარტო ოპოზიცია კი არ გავაუქმოთ, თვითლიკვიდაცია მარტო ოპოზიციამ კი არ უნდა გამოაცხადოს, მაშინ არჩევნებიც გავაუქმოთ. ეს არის კაპიტულანტური მიდგომა. სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი ეს არის ოპოზიციის მხრიდან კაპიტულანტური მიდგომა, საკუთარი შიშების გამოხატულება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ოპოზიციას რომ 6-7%-ით მეტი ხმა აეღო, ჯამურად სულ 100 - 120 000-ით მეტი რომ აეღო, დამერწმუნეთ, დღეს ის ხელისუფლებაში იქნებოდა, იმიტომ, რომ ამ მასშტაბის გაყალბებას ხელისუფლება განა ვერ გაბედავდა, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ მოახერხებდა. ჯერ რა გააყალბეს და ისიც, როგორი დახლართულია. როცა გაყალბება 10%-ს აცდებოდა, მაშინ, წარმოიდგინეთ, აქ რა მოხდებოდა. ასეთი მდუმარებით ამას არც დასავლეთი შეხვდებოდა. ამჯერად ოპოზიციას მივმართავ - ამიტომ, სულ სხვის ბოსტანში ქექვას ჯობია ხანდახან შენი ბოსტანიც გამარგლე ხოლმე, იმიტომ, რომ შენს ბოსტანიც არის სარეველა, არცთუ მცირე რაოდენობით“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
მისივე განმარტებით, ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით სწორი იყო, ვიდრე ოპოზიციური ერთობის შენარჩუნება იყო შესაძლებელი.
IPN.GE