ორბელიანების სასახლეში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი და ძალა თავისუფლებაა, რომლითაც უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას.
,„ეს ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრძოლა გაგრძელდეს, ყველანაირად უნდა ვეომოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას, და არა მაინც და მაინც ომით, მაინც და მაინც იარაღით. ყველაზე ძლიერი იარაღი აქ არის – თავისუფლება. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა თავისუფლებაა, თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი ტვინი. ამით ვამარცხებთ პუტინიზმის ყველა ფორმას, რადგან ეს არის ის, რისთვისაც ადამიანი დაიბადა, რისთვისაც ცხოვრობს.
ამიტომ, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს გავხსენით ეს კარები ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც თავისუფლად აზროვნებს, თავისუფლად იბრძვის, თავისუფლად ფიქრობს. ეს თავისუფალი საქართველო არის ის საქართველო, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს დაამარცხებს.
ამ საქართველოს გაუმარჯოს, დღეს, 25 თებერვალს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გამოფენა 27 თებერვლამდე გაგრძელდება და მისი დათვალიერება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციით 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: info@president.gov.ge.