„დღეს გავივლით კონსულტაციებს იურისტებთან, რომ არ დავარღვიოთ პროცედურული საკითხები და კიდევ რამე არ იყოს „ქართული ოცნებიდან“ შემოსადავებელი, კონკრეტულად როდის უნდა დაიწეროს განცხადებები“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, როდესაც მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.
„სავარაუდოდ, ეს ხვალ მოხდება. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა დეპუტატი დაწერს ინდივიდუალურ განცხადებებს, ხოლო პარტიის ხელმძღვანელობა ჩახსნის სიებს. ამით დასრლდება ჩვენგან ეს პროცესი და ამის შემდეგ სულ სხვა პროცესები დაიწყება ქვეყანაში და სხვა რეალობა დადგება 11 დეკემბრის შემდეგ.
არანირი აქციას არ ვგეგმავთ - როცა ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება, ეს იქნება მთავარი აქციაც და მთავარი პერფორმანსიც“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება.
მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ მიუხედავად ზოგიერთი ოპოზიციონერის მცდელობისა, ჩაშალონ მოლაპარაკებები, მხარეები შეთანხმდებიან.
ოპოზიცია კი მოთხოვნებს არ ცვლის. ისინი, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლას გამორიცხავენ. მოლაპარაკების ჩაშლისა და საბოტაჟის სურვილში ამხილა ალეკო ელისაშვილმა „ევროპული საქართველო“.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიცია გააფორმებს დოკუმენტს პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით.
imedinews.ge