„გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება ხელისუფლების მხრიდან კომპრომისად ვერ ჩაითვლება. აღნიშნულის შესახებ ჯაფარიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ განმარტა, ოპოზიციას პარლამენტში შესვლა ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, ვინაიდან, საკონსტიტუციო ცვლილებებია გასატარებელი.
„იმ ხალხის გათავისუფლება ვერ ჩაითვლება კომპრომისად, ეს ნიშნავს, რომ მწვანე შუქს უნთებ ხელისუფლებას - ნებისმიერ დროს, კრიზისულ სიტუაციაში შეუძლია აიყვანოს მძევლები და შემდეგ ამ მძევლების გათავისუფლება გაასაღოს, როგორც კომპრომისი. ამიტომ, არ შეიძლება ამის კომპრომისად ჩათვლა. ისინი უნდა გათავისუფლდნენ და შემდეგ უნდა დავიწყოთ სხვადასხვა საკითხებზე საუბარი.
რაც შეეხება პარლამენტში შესვლა-არშესვლას, ეს საკითხი საერთოდ დადგება თუ არა, არ ვიცი. ჩვენი ბოლო საუბარი როცა იყო შარლ მიშელთან ერთად, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი არ დამდგარა. პარლამენტში შესვლა ოპოზიციას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებები არის გასატარებელი, უნდა შევიდნენ და დააჭირონ თითი, მაგრამ არ ყოფილა საკითხი ისე დაყენებული, როცა შარლ მიშელთან ბოლო შეხვედრა იყო, რომ კრიზისის განმუხტვის წინაპირობაა პარლამენტში შესვლა. მთავარი ამბავი არის შეთანხმება ზოგადად, ამ რაღაცებზე, რომ კრიზისი განიმუხტოს. ტექნიკური ნაწილი არის, ვიღაცები პარლამენტში შევლენ, თუ არ შევლენ. ეს შეთანხმება თუ შედგება, მართლმსაჯულების საკითხში შეიძლება იყოს საკითხები, რომელსაც კონსტიტუციის ცვლილება სჭირდება, საარჩევნო სისტემის ცვლილებას სჭირდება კონსტიტუციის ცვლილება, ვადამდელ არჩვენებს სჭირდება კონსტიტუციის ცვლილება, ბუნებრივია, რომ ოპოზიცია მაშინ პარლამენტში უნდა შევიდეს და თითი უნდა დააჭიროს. მე შევალ თუ არა, ეს არ არის არსებითად მნიშვნელოვანი, ჩემ მაგივრად შევა სხვა, სია არ არის ჩახსნილი. თუ ხელს მოვაწერ შეთანხმებას, რომლის წინაპირობაც იქნება რომ უნდა შევიდე, მაშინ შევალ, მაგრამ ისე განცხადება დაწერილი მაქვს და ამ წუთში, პარლამენტის წევრად საკუთარ თავს არ ვთვლი. თუ მოვაწერე შეთანხმებას ხელი, რომლის წინაპირობაც არის, რომ ხელს ვაწერ, პარლამენტში შესვლას და ამის სანაცვლოდ ამ ყველაფერს ქვეყანა იღებს, მაშინ შევალ, აბა, ხომ არ მოვიტყუები“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
IPN.GE